სოფელი ქურთა

სოფელი ქურთა 2007-2009-2016. ფოტოს ავტ.: უჩა აბაშიძე

დღეს, სოციალურ ქსელში ვნახე ფოტო, სადაც გუგლის რუკაზე ნაჩვენებია სოფელი ქურთა 2007, 2009, 2016 წლებში.  ფოტოს კომენტარებში წერია, რომ კიდევ რამდენიმე წელი და ვერავის დაუმტკიცებ, რომ აქ სოფელი იყოო. მწარე სიმართლეა, მტერს და უცხოს ვერ დაუმტკიცებ, მაგრამ ქართველმა კი იცის სოფელ ქურთას უახლოესი წარსული? ჯერ 10 წელი არ გასულა და სოფელი გაქრა თავის ნანგრევებიანად!

ამიტომ გადავწყვიტე სრული სახით მომეტანა თქვენამდე   იოსებ მეგრელიძის მიერ 1984 წელს გამოცემულ წიგნში “სიძველეები ლიახვის ხეობაში” (გვ.217-219) აღწერილი სოფელი ქურთა, სადაც სიძველეების გარდა, საფლავის ქვებზე წარწერები და ძველი დოკუმენტებიდან ტექსტებიცაა მოყვანილი.

ქურთა

“სოფელი ქურთა ცხინვალიდან (ჯავისკენ მიმავალ გზაზე) 7 კმ–ითაა დაშორებული. აქვე სასოფლო საბჭოა, რომელშიც შედიან სოფლები: დგვრისი, გუჯაბაური, თამარაშენი, ზემო და ქვემო აჩაბეთი, ზემო და ქვემო მონასტერი, თვით ქურთა და კეხვი.

ქურთაში ცხოვრობენ ბასიშვილები, ხაჭაპურიძეები, ელბაქიძეები, კაჟაშვილები, მაისურაძეები და თითო-ოროლა სხვაც (სულ 180 კომლი).

ქურთა იყო თავად ზაზა იასეს ძე მაჩაბლის რეზიდენცია (იხსენიება 1760 წლის დოკუმენტში). აქვეა ოთხკუთხი, პირამიდული ფორმის კოშკის ნანგრევი (ციხეს უწოდებენ), რომელიც 1955 წელს დაადაბლეს, ხოლო მანამდე გაცილებით მაღალი ყოფილა.

ციხის აღმ. კედელს 9,5 მ განი აქვს გარედან; შიგნით თითქმის კვადრატულია, სამხრეთი კედელი – 6 მ; ციხეში არსებული მარნის რამდენიმე ქვევრი კიდევ მიწაშია დარჩენილი, ზოგიც უკვე ამოუღიათ.

ციხეში (შესავალს), პატარა ზარი ჰკიდია.

ზაზას მემკვიდრის, გიორგი მაჩაბლის სასახლე და მისგან აღმოსავლეთით მდებარე ცისკარიშვილის (ე.წ. ცისკაროვის დარბაზი) სახლი 1926 წლიდან გამოყენებულია უდედმამო ბავშვთათვის;

სასახლიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით უზარმაზარი ცაცხვი დგას. მისი წრეწირი 5 მ–ს უდრის ამავე სოფელში დიდი კაკლის ხეებიც გვხვდება.

სოფლის დასავლეთ ნაწილში ქვის უგუმბათო ეკლესიაა (განი — 7 მ, სიგრძე — 8 მ, სიმაღლე — 5 მ; შენობა შელესილია).

იქვე, ეკლესიიდან სამხრეთით, ე. წ. დიდგვერდას გორაკს (მასზე ორი ბებერი მუხა დგას) ლეკისჯვარს უწოდებენ.

ერთ ნანგრევს გერის ნიშად თვლიან. თვით ეკლესია წმიდა გიორგის სახელობისაა, ხოლო დიდ ცაცხვთან მთავარანგელოზის საყდარი მდგარა.

ეკლესიაში დიდი საფლავის ქვაა, რომლის ცენტრზეც დაცემენტებულია თეთრი მარმარილო; მასზე გვირგვინი ხატია; შემდეგ სურათი ყოფილა ჩადგმული. ირგვლივ ამავე მარმარილოზე გამოსახულია ანგელოზები, აგრეთვე ვაზის მტევნები და ფოთლები. მხედრული ასოებით ლამაზად ჩაწერილია „ვეფხისტყაოსნის“ ერთი სტროფი, რომელიც ასე იკითხება:

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი;
ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი,
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!

შემდეგ წერია:

აქა მდებარე თავადი
        ზაალ ქაიხოსროს ძე მაჩაბელი
დაიბადა 1826 წ.
გარდაიცვალა 1888 წ. 23 დეკემბერს (.)
საუკუნოდ იყოს ხსენება მისი.

ეკლესიიდან სამხრეთით, ეზოში, ცაცხვის ძირში ერთ საფლავის ქვაზე ირჩევა;

ჩყნა წელსა აგვისტოს 8 დღესა (=1851 წ. 8 აგვ.).
სხვა ქვაზე (სამხრეთი მხრიდან):
ზაქარია დიმიტრის ძე ბასიშვილი დავიბადე 1810 წ.
მახლობლად მდებარე ქვაზე ირჩევა:
ამა ლოდსა ქვეფა განისვენებს მხნე და კეთილი
სახსოვარი მხევალი ხვთისა (.) ვარ ბარბალე
(სამხრეთიდან)
ზაქარია ბასიევის მეუღლე(.) და რავანა გოჩა(–)
“შვილის(·) დავიბადე 1833 წ. აღვსრულდი
1890 წელსა იანვრვს 20 დღესა(·) გთხოვთ…

საფლავის ქვათა სხვა წარწერები კიდევ უფრო ახლებია. აქ გვაჩვენეს საეკლესიო დავთრის ნაწილი, რომელიც, ჩვენი სასვენი ნიშნებით, ასე იკითხება:
„აღსარების მთქმელთა სია სამრევლოთა საქართველოს ეპარხიის გორის უეზდის სოფლის ქურთის წ(მი)დის გიორგის ეკლესიათა. ჩუენებითა ჩინთა, წოდებითა, სახელთა, მამის სახელთა, გვართა, სახლობათა მათთა ღა წელთა შობითგან ჩყ (1860) წლისათვის (შდრ. ქვემოთ).

დავთარში 84 კომლია აღრიცხული მრევლზე მიწერილი კეხვისა და ზემო და ქვემო აჩაბეთის მცხოვრებთა ნაწილითურთ: კეხვიდან 28 კომლი, ზემო აჩაბეთიდან –– 8, ქვემო აჩაბეთიდან — 19.

სია იწყება სასულიერო წოდებით; დასახელებულია მღვდელი გიორგი გაბრიელის ძე ბასიშვილი (41 წლის), მისი შვილნი (მიხეილ, სიდონია, ევსტატი), „ძმანი მღუდლისანი“ (მანასე, ამისი მეუღლე მელანია), ქვრივი რძალი თამარ. შემდეგ არიან „პრიჩეტნიკი (დიაკვანი) ეფრემ გაბრიელის ძე ბასიშვილი, მეუღლე ამისი გაიანე, შვილი დარია“. „პოდპორუჩიკი თ[ავად]ი დიმიტრი დავითის ძე მაჩაბელოვი (63 წ.), მეუღლე ამისი ნინო არონის ასული (52 წ.) და შვილი ამათი დავით (26 წ.)“.  პრაპორჩიკები მიხეილ თეიმურაზის მე (44 წ.) და ზაალ ქაიხოსროს ძე (33 წ.) მაჩაბლები.

დავთარში შემდეგ ჩამოთვლილი არიან ამათი შინამოსამსახურენი, – გლეხნი საბატონონი; ბესარიონ ხუცინაშვილი, გლახა გიორგის ძე ჯიოშვილი და გვარები: თითირაშვილი, თედეშვილი, კაჟაშვილი, ჯოხაძე, ყოჩიაშვილი, ბასიშვილი, ხაჭაპურიძე, ელბაქიძე, ზუცინაშვილი, ქასაბაშვილი, ცხოვრებაშვილი, მაისურაძე და მათი ცოლ-შვილი.

სახაზინო გლეხთაგან დასახელებულნი არიან კეხველები: ზანგალაძე, კახნიაშვილი, ნებიერიძე, ბლიაძე, მელანაშვილი.
ზემოაჩაბეთლები: ჭულუხაძე, პაპილაშვილი.
საბატონონი: ღერვენაშვილი, ხოსიაშვილი, რაზმაძე, თვალაშვილი და სახაზინონი: ხაბარელი, ბაბუციძე, ოტიაშვილი.

კიდევ უფრო საინტერესოა ასეთივე სია 1878 წლისათვის. მასში აღნიშნულია სულადობაც და ნაჩვენებია, რომ ქურთის მრევლი 78 კომლისაგან შედგებოდა, რომ ამ სოფელში 352 მამრობითი სქესისა და 254 მდედრობითი სქესის, სულ 606 სული ცხოვრობდა.

აქაც მრევლი იმავე მღვდელ გ. გ. ბასიშვილს ეკუთვნის, ოღონდ დიაკვან ეფრემ ბასიშვილის შემდეგ სიაში დასახელებულია დიაკვანი იაკობ იოანეს ძე ცაბაძე.

ზემოხსენებული დიმიტრი მაჩაბელი უკვე აღარ იხსენიება და თავადნი იწყებიან დავით დიმიტრის ძე მაჩაბლით. სახაზინო გლეხთა გვარები კვლავ გამოყოფითაა ჩამოთვლილი, ოღონდ, ვინაიდან ბატონყმობა უკვე გადავარდნილია, საბატონო გლეხნი აღარ არიან გამოყოფილი.

მცხოვრებთა რიცხვის დაჯამების შემდეგ მრევლში ცხოვრობს:
მამრ. სქესის – 390, მდედრ. სქესის — 304, — სულ 694 სული.

სიას ხელს აწერს „ქურთის წ[მინდ]ის გიორგის ეკლესიის მღუდელი გიორგი გაბრიელის ძე ბასიშვილი“.

თბილისის გუბერნიის სასოფლო საზოგადოებათა 1865 წლის 11 აპრილის აღრიცხვის მიხედვით, ხსენებულ სოფლებში ცხოვრობენ: კეხვის საზოგადოების სოფ. კეხვში – 41 კომლი, ქურთაში -27, ზემო აჩაბეთში — 8, ქვემო აჩაბეთში — 63 და მონასტერში — 2.”