მოგონება ალექსანდრე წერეთელზე

იძღვნილი ალექსანდრე იოსების ძე წერეთელის დაბადებიდან  80 წლისთვისადმი.

 

1919 წლის პირველი ოქტომბრის წინა დღე იყო. კლასს რატომღაც მოეპრიანა, რომ ხვალ, პირველ ოქტომბერს ექსკურსიით მცხეთაში წავსულიყავით და დავსწრებოდით სვეტიცხოვლობას, რომელსაც სვეტიცხოველი პირველ ოქტომბერს დღესასწაულობდა. მოველაპარაკეთ ჩვენზე უფროსკლასელებს, რომლებთანაც დიდი მეგობრობა გვქონდა და გადავწყვიტეთ ამის შესახებ ჩვენ-ჩვენი კლასის დამრიგებლისათვის გვეთხოვა. ჩვენ მაშინ მეშვიდე კლასში ვიყავით, ეხლანდელ მეათე კლასში.

ჩვენმა კლასის დამრიგებელმა ბ-ნ თედო ბეგიაშვილმა, რომელიც ამავე დროს ქართულ ენას, საქართველოს ისტორიას და ფსიქოლოგიას გვასწავლიდა, აღგვიქვა, რომ მოელაპარაკებოდა და შეუთანხმებდა ბ-ნ ალექსანდრე წერეთელს, რომელიც ჩვენი მე-7 ქალთა გიმნაზიის დირექტორი იყო.

ჩვენდა სამწუხაროდ, ბ-ნ ალექსანდრემ უარი შემოგვითვალა, რადგან სასწავლო დღე იყო და ორი უფროსი კლასის გაკვეთილების გაცდენა არ შეიძლებოდა. საშინლად გვეწყინა. უარს არ ველოდით, ვინაიდან ჩვენი კლასი სამაგალითო კლასი იყო: არცერთი ოროსანი და ფრიადოსნებიც საკმაოდ გვყავდა. გევწყინა მითუფრო რომ ბ-ნ ალექსანდრეს ჩვენი კლასი განსაკუთრებით უყვარდა. მუდამ ყურადღებით და გულისხმიერებით გვეპყრობოდა. იმდენად ნაწყენები დავრჩით, რომ ორივე კლასმა გადავწყვიტეთ მცხეთაში არ წავიდოდით, მაგრამ გიმნაზიაშიც არ მივიდოდით. ასეც მოვიქეცით.

ორ ოქტომბერს არცერთ მოწაფეს არ დაგვიგვიანებია, მაგრამ არც სასიამოვნო ამბავი დაგვხვედრია.

ჩვენი უფროსი მერვე კლასი პირველ ოქტომბერს უკლებლივ გამოცხადებულა. მასთან ერთად ჩვენი თანაკლასელი ფრიადოსანი გოგონა მისულა.

საშინლად შევწუხდით, მივხვდით ჩვენს დანაშაულს, მაგრამ რაღა გაეწყობოდა. ზარი დაირეკა. მასწავლებელი არ შემოსულა. ვისხედით ჩუმად, სულგანაბულები. პირველი გაკვეთილი იწურებოდა და ვიდრე გამოსვლის ზარი დაირეკებოდა ბ-ნი თედო შემობრძანდა. ყველა ფეხზე წამოვდექით და თავჩაღუნულები ველოდით განაჩენს.

ეს რა გააკეთეთ? – დაიწყო ბატონმა თედომ. – როგორ არ გრცხვენიათ? ეს, იცით რა არის? გაფიცვა არის, გაფიცვა!!! დირექტორის განკარგულება არის – დაისაჯოთ. სასჯელი ასეთია: დარჩებით ექვსი გაკვეთილი, არცერთი მასწავლებელი გაკვეთილს არ ჩაგიტარებთ და ვერც შესვენებით ისარგებლებთ.

შევწუხდით, ეს სასჯელი ჩვენ არ გვაშინებდა და არც გვაწუხებდა. ყველაზე დიდი სასჯელი ჩვენთვის ის იყო, რომ იმ დღეს ისტორიის გაკვეთილი გვქონდა და ისტორიას ხომ ბ-ნი ალექსანდრე გვასწავლიდა. აი, სწორედ ეს იყო სამწუხარო და სავალალო, რომ გაკვეთილი გვეკარგებოდა.

ჩვენი ისტორიის გაკვეთილი არ გავდა სხვა გაკვეთილებს, მუდამ საინტერესო, შინაარსიანი, ღრმა ცოდნის მომცემი იყო, რომელსაც სკოლის ვერც ერთი ისტორიის სახელმძღვანელო წიგნში ვერ წავიკითხავდით. მუდამ ლამაზი ენით მოთხრობილი, არაჩვეულებრივი სასიამოვნო ყურთმოსასმენი დიქციით, რომელიც ისე ძალიან გვატყვევებდა, რომ ხშირად ზარის დარეკვასაც ვერ ვგებულობდით, ისე ვიყავით გატაცებული. მის გაკვეთილზე ბუზის ფრენას გაიგონებდით.

ბ-ნ ალექსანდრეს საგანში არცერთ მოწაფეს სამიანი არ გვქონდა, არ იყო შემთხვევა, რომ გაძახებულ მოწაფეს გაკვეთილი არ სცოდნოდა.

დასჯილებს საღამოს ხუთ-ექვს საათამდე გაგვატკუციეს თავი. ამ ხნის განმავლობაში არცერთ მასწავლებელს არ მოუკითხავს ჩვენთვის. ძალზე მოგვშივდა. ჩვენი სკოლის მოპირდაპირე შენობაში იყო ჩვენი ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის განაყოფი ვაჟების სკოლა. მათ ვაცნობეთ ჩვენი დასჯის ამბავი და ვთხოვეთ რაიმე საჭმელი მოეწვდინათ. რასაკვირველია მაშინვე გამოგვიგზავნეს პური, ყურძენი და სხვა ხილი. კარგად რომ დავნაყრდით და შიმშილი მოვიკალით, ავფორიაქდით. დავერიეთ ერთიმეორეს, არა შენი ბრალია, არა შენიო. წავეჩხუბეთ იმ მოწაფესაც, ვუწოდეთ მოღალატე, გამცემი და ცხარე ცრემლით ვატირეთ. მაგრამ ბოლოს იმას ვუბრუნდებოდით, რომ ყველანი ძალზე დამნაშავენი ვიყავით.

არ ვიცოდით რა გვეღონა, როგორ მოვქცეულიყავით, რით გამოგვესყიდა დანაშაული ან როგორ დავნახებოდით ჩვენს საყვარელ მასწავლებელს  ბ-ნ ალექსანდრეს. იმ წუთას ბევრად გვერჩია სათითაოდ ვეცემეთ, მაგრამ სწორედ ის არ იყო ასეთი ადამიანი.  შეურაცყოფას არასოდეს მოგვაყენებდა, არასოდეს უხეშად არ გაგვიწყრებოდა, მეტად სამართლიანი და ობიექტური ადამიანი იყო თითოეული მოწაფის მოქმედების მიმართ. მისი ტკბილი დამრიგებლობითი საუბარი გვაფრთოვანებდა ყოველთვის და ბოლომდე გამოგვყვა კიდეც.

Tbilisis qalta me-7 gimnaziis mowapeni_recto

თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის მერვე კლასი. პირველ რიგში მარცხნიდან მესამე ალექსანდრე წერეთელი. ზმოდან მეორე რიგში მარჯვნიდან მეორე მარიამ (მარო) კიკნაძე.

ბოდიშის მოსახდელად და პატიების სათხოვნელად კლასმა აგვირჩია ორი დელეგატი, მე და აწ განსვენებული ქეთო ყანჩაველი.

ჩვენ მეორე დრეს დიდი მოკრძალებით, დარცხვენილები წავსდექით ბ-ნ ალექსანდრეს წინაშე.

მოვიხადეთ ბოდიში, ვითხოვეთ პატიება და მოვისმინეთ მისი მამობრივი, წყნარი, მშვიდი ხმით დამაჯერებელი რჩევა-დარიგება. ყველაფერი კარგად გათავდებოდა, მაგრამ ბოლოს ყანჩაველმა ბ-ნ ალექსანდრეს ჰკითხა: “თქვენ როგორ მოგეწონათ იმ მოწაფის მოქმედება, განა ლამაზი იყო კლასის განდგომა?” ბ-ნ ალექსანდრემ ის მოწაფე დაიცვა, რაზედაც ყანჩველი შეეკამათა.

– არა, ბატონო ალექსანდრე, თქვენ გულში მის საქციელს არ ამართლებთ, მაგრამ ჩვენ ამას არ გვეტყვით. – ამაზე ბ-ნ ალექსანდრეს გული მოუვიდა და მრისხანედ გვითხრა “აბა ეხლავე მიბრძანდით აქედან”-ო.

შეიძლება ბ-ნ ალექსანდრეს სადღაც არ მოეწონა იმ მოწაფის მოქმედება,  მაგრამ ჩვენ მივხვდით, რატომ დაიცვა ის ასე. იგი მეტად ღარიბი მოწაფე იყო, რომელიც ძალზე ებრალებოდა და ძალიან ეხმარებოდა. არ იხდიდა სწავლის ფულს და ბევრი სხვა შეღავათითაც სარგებლობდა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენი გიმნაზიის არცერთი ღარიბი მოწაფე არ იყო მისი ყურადღების გარეშე. ღარიბ მოწაფეებს ათავისუფლებდა სწავლის ფულის გადასახადიდან. ურიგდებოდათ მათ კაბები, საცვლები და ბევრი სხვა რამ კიდევ. რასაკვირველია, გასაგები იყო რომ ამ გოგონას არ შეეძლო სხვანაირად მოქცევა, რომ ყველაფერი ეს არ დაკარგვოდა.

დელეგატებმა ვერ მოვიტანეთ კარგი ამბავი. არც ცოცხლები ვიყავით და არც მკვდრები.

მეორე დღეს პირველი გაკვეთილი ქართული ენა გვქონდა. მოულოდნელად კარი გაიღო და დარაჯი შემოვიდა: ” მარო კიკნაძეს იბარებს ბ-ნი დირექტორიო”. ელდა მეცა, შევშინდი, თურმე ადამიანის ფერი არ მედო. მიკვირდა რა დავაშავე ისეთი, მე ხომ ხმაც არ ამომიღია ჩვენი დელეგატობის დროს. აკანკალებული შევედი დირექტორის კაბინეტში და დახეთ ჩემ გაკვირვებას, როცა ბ-ნ ალექსანდრემ მითხრა: “კიკნაძე, გუშინ რომ კაბინეტიდან დაგითხოვეთ ეს თქვენ არ გეხებოდათო”.

მე არ ვიცი რა მომივიდა სიხარულისაგან. მადლობა გადავუხადე, დიდი ბოდიში მოვიხადე ჩემი ამხანაგის მაგივრად და სულ ფრენა-ფრენით შევვარდი კლასში, სადაც შეწუხებული მელოდა ბატონი თედო და მთელი კლასი.

 

მარიამ კიკნაძე
1969 წელი

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s