ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის შენობის ისტორიისათვის

ბაქტერიოფაგის შემსწავლელი სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 1939

ბაქტერიოფაგის შემსწავლელი სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 1939

1923 წელს პროფესორ გიორგი ელიავას ინიციატივით თბილისში ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია დაარსდა. ლაბორატორიას მაჩაბლის ქუჩაზე ორსართულიანი შენობა ეკავა, სადაც  70-მდე თანამშრომელი მუშაობდა.

უდიდესი დატვირთის გათვალისწინებით,  ელიავამ 1934 წელს ლაბორატორიის გაფართოება განიზრახა. ინსტიტუტის მშენებლობის გეგმა და ხარჯთაღრიცხვა მან საქართველოს კომპარტიის პირველ მდივანს ლავრენტი ბერიას წარუდგინა, თუმცა, ამ წამოწყებაზე მეცნიერმა უარი მიიღო.(1) ამის მიუხედავად, ელიავამ უკან არ დაიხია და 1936 წლის 14 აპრილს, საკავშირო სახალხო კომისართა საბჭომ თბილისის გარეუბანში, საბურთალოზე  ბაქტერიოფაგის შემსწავლელი სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. (2)

მდინარე მტკვრის სანაპიროსთან 13 ჰექტარი მიწის ფართობზე ინსტიტუტის აგება- მოწყობისთვის 12 ნახევარი მილიონი მანეთი გამოიყო, აქედან  ძირითადი კორპუსის ასაგებად  – სამი მილიონი მანეთი. „ახალი ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა პროფ. გ. ელიავა. ფრანგი ბაქტერიოლოგი პროფ. ფელიკს დ’ ერელი, რომელმაც 1917 წელს აღმოჩინა ბაქტერიოფაგი, დაინიშნა ინსტიტუტის გენერალურ კონსულტანტად“. (3)

სამწუხაროდ, ელიავა ინსტიტუტის ახალი შენობის გახსნას ვერ მოესწრო.  1937 წელს, საფრანგეთის მთავრობის ჯაშუშობასა და მოსახლეობაში ეპიდემიის გავრცელების მცდელობის ბრალდებით, გიორგი ელიავა დააპატიმრეს და დახვრიტეს.  ინსტიტუტი ხელუხლებელი დატოვეს, ხოლო ელიავას დაწყებული საქმე მისმა მოსწავლეებმა გააგრძელეს.

1939 წლისთვის ინსტიტუტის ახალი შენობის მშენებლობა  დასრულდა და იმ დროისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მსოფლიოში, თავისი მატერიალური ბაზით და კადრებით,  სრული დატვირთვით მუშაობას შეუდგა.  ინსტიტუტის შტატში 500 თანამშრომელი ირიცხებოდა, მათ შორის 70 მეცნიერ-თანამშრომელი იყო.

ნიკოლოზ აბაშიძე მესაზღვრეებს პროფილაქტიკურ აცრებს უტარებს, 1926

ნიკოლოზ აბაშიძე მესაზღვრეებს პროფილაქტიკურ აცრებს უტარებს, 1926

1941-45 წლები ინსტიტუტისთვის მისი სიციცხლისუნარიანობის გამოცდის პერიოდი იყო. ომის პერიოდში ინსტიტუტმა 18 მილიონი მანეთის ღირებულების (1926 წლის კურსის მიხედვით) სამკურნალო- პროფილაქტიკური პრეპარატი დაამზადა, როგორც ფრონტისთვის, ისე ზურგისათვის. მეორე მსოფლიო ომის დროს, სწორედ საქართველოში შექმნილმა ფაგებმა გადაარჩინა უამრავი ადამიანი სამხედრო ლაზარეთში სიკვდილს. ქვეყნის ტერიტორიის სანიტარული დაცვის უზრუნველსაყოფად, ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიური განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლები მივლინებულნი იყვნენ საკავშირო რესპუბლიკებში. ბევრი თანამშრომელი დაჯილდოვდა სახელმწიფო ჯილდოთი, მათ შორის იყო ინსტიტუტის საწარმოო მიმართულების ხელმძღვანელი, რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი ნიკოლოზ აბაშიძე (1897-1965). (2)

ეს ორი ფოტო (1939წ.) სწორედ ნიკოლოზ აბაშიძის პირადი არქივის დათვალიერებისას ვიპოვე, სადაც ინსტიტუტის შენობის ფასადების გარდა, საყურადღებოა საქართველოს სამხედრო გზა და მისი მიმდებარე განაშენიანება (იხ. ქვემოთ).

I ფოტო – პანორამა:  ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის შენობა , საქართველოს სამხედრო გზა.

II ფოტო:  ბაქტერიოფაგიის ისტიტუტის ადმინისტრაციული შენობა.

____________

1. მიხეილ ბასილაძე, კომუნისტი ბაქტერია, 24 საათი, 2010, 21-27 მაისი, გვ.46-47 –  http://www.24saati.ge/weekend/story/6704-komunisturi-baqteria

2. Труды Тбилисского научно-исследовательского института вакцин и сывороток, т.VI, тб.,1967, ст.5

3. ბაქტერიოფაგის შემსწავლელი ინსტიტუტი, მუშა, 1936, 29 აპრილი, გვ.1

P.S. ფოტოს ორიგინალები ოჯახში ინახება, ხოლო მისი ასლები ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ფოტომატიანის, მფლობელ ნიკოლოზ აბაშიძის კოლექციაშია შესული.

ია გორგიშელი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s