წმ. აბო თბილელის ნიშის ისტორია

786 წლის 6 იანვარს (ახ.. სტილით 19 იანვარს), ნათლისღებას, თბილისში, ნარიყალას ფერდობის ძირში, ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესიის “კართა ზედა”, სარკინოზებმა ქრისტიანობისთვის აწამეს და თავი მოჰკვეთეს არაბ აბოს, შემდეგ წმინდანის გვამი დაუდეს ურემს, გაიტანეს “გარეშე ქალაქსა” და მიიტანეს დასაწველად ადგილსა მას, “რომელსა საგოდებელ ეწოდების”, რამეთუ მუნ არის საფლავები კაცთა მის ქალაქისათა.”

იმ ადგილმა, “სადაცა დასწუნეს ხორცნი იგი წმიდისა მოწამისანი”, მიიღო ძალი კურნებისა: “ყოველნივე სიხარულითა და მადლობითა ქრისტესითა მივიდოდეს და აღიღებდეს მიწასაცა მის ადგილისასა, და მრავალნი სენთაგან შეპყრობილნი მიჰყუანდეს და მასვე შინა განიკურნებოდეს.” ამ დროიდან ეს ადგილი ქართველებისთვის წმინდა ადგილად იქცა. თბილისის კეთილმსახურმა მცხოვრებლებმა პირველად ჯვარი აღმართეს წმ. აბოს წამების ადგილას, ხოლო შემდეგ ნიშიც ააგეს.[1]
XVIIს-ში ამ ადგილას ჯვარი იდგა და კათალიკოსი ანტონ I  მის აღმართვას მეფეებს მიაწერდა.[2] 1795 წ. 11 სექტემბერს, თბილისის კარიბჭესთან აღა-მაჰმად-ხანის ჯართან საბედისწერო ბრძოლაში, როცა ცხადი გახდა, რომ ირანელი დამპყრობლები იმარჯვებდნენ, ქართველთა მეფე ერეკლე II ერთგულმა მეომრებმა გამოიყვანეს ხელჩართული ბრძოლიდან და გადაიყვანეს მეტეხის ხიდის გაღმა, მარცხენა ნაპირზე. სწორედ “იქ, კლდოვან ნაპრალზე გამოსახული ჯვრის წინ ჩამოხტა მეფე, დაიჩოქა და ქრისტიანობისათვის წამებულ აბოს ნეშტს შეავედრა “ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმული ერი (ილია)”. [3]

რას გვაძლევს რეალურად ისტორიული წყაროები წმ. აბო თბილელის ნიშის ისტორიისათვის? პირველად მოვიხმობ ვახუშტი ბატონიშვილს:

“ისანს არს, კლდესა მტკურისასა, კლდესა ზედა, ციხესა შინა ეკლესია მეტეხი, ღვთისმშობელისა, გუმბათიანი, დიდშვუენიერნაშენი, საარქიმადრეტო. აქ განვალს ხიდი კალიდამ ისანს, ციხიდან ციხესა, ხოლო ხიდის ყურის სამხრით არს საფლავი წმიდის აბოსი, რომელი იწამა სპართაგან ტფილისს”.[4]

პირველი ხიდი თბილისში სწორედ მეტეხის ძირში აშენდა. ამ ადგილას მტკვრის კლდოვანი ნაპირები განსაკუთრებით ახლო ადგება ერთმანეთს, ამიტომ აქ შედარებით ადვილი იყო ხიდის აგება. XIIIს.-ში, ჯალალედინის შემოსევისას, მეტეხის ხიდზე ასიათასი ქართველი ეწამა, რის გამოც მას “მოწამეთა ხიდი” უწოდეს.

მეტეხის ხიდი საუკუნეების მანძილზე არაერთხელ იყო შეკეთებული და არსებითად რეკონსტრუირებულიც, მაგრამ ხიდის ადგილი მუდმივად უცვლელი რჩებოდა.[5]

თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის ბლაღოჩინის, დეკანოზ იოანე ბასხაროვის წერილიდან ირკვევა, რომ მისი და მისი თანამედროვეების ხსოვნით, “1820 წლამდე წმ. აბოს მოწამეობრივი აღსრულების მოსაგონებლად და სასწაულმოქმედი ადგილის აღსანიშნავად აქ, წმინდანის დაწვის ადგილას, იდგა კლდესთან შეერთებული არც თუ დიდი ზომის ხის ჯვარი. (ალბათ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს ის ჯვარია, რომელთანაც ერეკლე II ილოცა). თვითონ ადგილიც არ იძლეოდა რაიმე შენობის არსებობის საშუალებას, რადგან აქ ძლივს გადიოდა ურემი… ეს ადგილი 1820 წელს გაფართოვდა გენერალ ალექსანდრე ერმოლოვის განკარგულებით, ვისი განკარგულებით თუ ბრძანებით 1821 წელს ყოფილი ჯვრის ადგილზე მოეწყო პორტიკი ორ სვეტზე. პორტიკის და სვეტების აშენებისას გაფართოვდა გზა და  გამოკვეთილ იქნა თვითონ კლდეც, სადაც ადრე აღმართული იყო ჯვარი. მოგვიანებით აქვე ახლოს მცხოვრები აბრამ კვეზერელის მიერ ნიშში მოთავსდა მაცხოვრის და ღვთისმშობლის მცირე ზომის ხატები, იმიტომ რომ ამ წმინდა ადგილზე გამვლელები ხშირად ანთებდნენ სანთელს[6].

მალე კატასტროფულმა წყალდიდობამ დაანგრია ხიდი და წალეკა მისი ახლო მიდამოები. უნდა ვიფიქროთ, რომ ქ. თბილისი იმ ხანებში დიდი ხნით უხიდოდ არ დარჩებოდა და, მართლაც, 1829-1830წწ. აქ არსებობდა დროებითი ხიდი. საგულისხმოა რომ ამ დროს წმინდანის ნიშიც მიიღებდა ზიანს.

1830-იან წლებში გრაფმა ივან პასკევიჩ-ერევანსკიმ ნიში ნაძერწი ორნამენტებით გაალამაზა, კლდეში გამოქვაბულს კარები შეაბა და შიგ, წმინდა ხატი დააბრძანა. 1830 წლის საბუთებიდან ირკვევა, რომ აქ იყო დასვენებული წმ. იოანე მებრძოლის ხატი და იდგა შესაწირი ყულაბა.[7]

1839 წლისათვის ხიდი მთლად საიმედოდ ვერ იყო, რის გამოც, მთავრობის განკარგულებით, მთლიანად დაშლილ იქნა. ქალაქის ზრდასთან დაკავშირებით არსებული ხიდი ვერ აკმაყოფილებდა მოსახლეობის მოთხოვნილებას, ამიტომ 1843 წელს აიგო  ხის კონსტრუქციის გისოსებრი ხიდი. ასეთი  “ტაუნის” სისტემის ხიდი  პირველად იქნა აგებული კავკასიაში.[8] ამ ხიდზე მოძრაობა წარმოებდა მხოლოდ ერთი მიმართულებით. სწორედ ამ ახალ ეგრეთწოდებულ “ამერიკულ ხიდს” შეეწირა წმ. აბო თბილელის ნიში.

გზათა მიმოსვლის ინჟინერთა კორპუსის პოდპოლკოვნიკი გრაუერტი 1843წ. ივლისში ატყობინებს მთავარმართებელს, რომ, თბილისში მეტეხის ხიდის მშენებლობისას, გზის გაყვანასთან დაკავშირებით, კლდის ბურღვის გამო მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, კლდეში აგებული “პორტიკი”[9] ორ სვეტზე, რომლის უკანაც მოთავსებული იყო წმინდანთა  ხატები, აუცილებლად უნდა ჩამოინგრეს. გრაუერტი ითხოვს განკარგულებას, რომ ხსენებული ხატები გადატანილ იქნას ტაძარში მანამდე, სანამ იგი დაანგრევს  “პორტიკს” და ააგებს მის ადგილზე ახალს, ასეთივე სახისას. ხატები მალევე გადატანილ იქნა მეტეხის ეკლესიაში, ხოლო ინჟინერ-პოლკოვნიკ გრაუერტს დაევალა, რომ პორტიკის დანგრევისას წმინდა მოწამე აბო თბილელის წმინდა ნაწილების განსასვენებელი (საფლავი), როგორც საყოველთაო თაყვანისცემის ადგილი, დატოვოს ხელუხლებელი. მაგრამ 1844 წლის 3 აგვიტოს, იმის გამო რომ “პორტიკის” მოწყობა დაფინანსებული არ ყოფილა, ხიდის მშენებლობისას ჩატარებული სამუშაოების დროს ნიში დანგრეულ იქნა.[10]

წმ. აბოს ნიშინიშის მოწყობა მთავრობამ ჩააბარა ინჟინერ-პოლკოვნიკ სონინს, რომლის წერილიდან ირკვევა, რომ “პოლკოვნიკი გრაუერტის მიერ დანგრეული პორტიკისაგან გადარჩენილი მასალიდან, ძველის ადგილზე ასეთივე პორტიკის მშენებლობისათვის შეიძლება გამოდგეს სვეტების ქვეშ მყოფი ორი თლილი ქვა და ზოგიერთი ნაძერწი ორნამენტი თაბაშირისაგან, რომლითაც მორთული იყო სვეტების კაპიტელები და პორტიკის ლავგარდინი. [11]

1845 წლის ზაფხულში ახალი კარიბჭის მშენებლობა სახელმწიფო ხარჯით  დამთავრდა.

1848-1850წწ. დასნეულებული საიდუმლო მრჩეველი, სენატორი ს.ვ. საფონოვი წმ. აბოს მეოხებით განიკურნა.[12] ღვთის სამადლობელოდ სენატორმა აქ წმიდანის ნიში განაახლებინა, ნიშში წმიდანის ხატი დაასვენა და კლდეში მინის კარი მოაწყო. (წმინდანის სიმაღლის (?) ხატი იმყოფება “კიოტში”[13] მინის უკან). 1850 წლის 29 ივნისს პეტრე-პავლობის დღესასწაულს წმიდა აბოს ნიში საზეიმოდ იკურთხა. სიონის საკათედრო ტაძარში “საღმრთო  ლიტურღიის  შემდგომ  ნიკიფორე  გორის ეპისკოპოსი შეკრებილი  სამღვდელოების  თანხლებით  გაემართა  “ძველ ნანგრევებზე ახლახან აშენებულ პატარა სამლოცველოსაკენ”. ლოცვის შემდგომ აკურთხეს საფონოვის მიერ შემოწირული, გრიგოლ გაგარინის[14] მიერ დაწერილი ხატი. ეს ხატი დასვენებულ იქნა იმგვარად, რომ ყველა გამვლელს ხიდზე თაყვანი ეცა მისთვის…[15]

დროთა განმავლობაში ნიში მივიდა დანგრევის პირას, რის გამოც 1867 წელს იგი განახლებულ იქნა, მაშინ ჯერ კიდევ გიმნაზიელი  მიხეილ (გობრონ) საბინინის მიერ. 1867წ. 28 აგვისტოს მეტეხის ციხის ეკლესიის დეკანოზი ბასიანოვი მეტეხის ეკლესიაში ლიტურგიის დამთავრების შემდეგ ლიტანიით გაემართა წმ. აბო თბილელის ნიშთან, სადაც აკურთხა განახლებული ნიში და საბინინის მიერ დაწერილი ახალი ხატი.

1870 წელს მეტეხის ძირში პირველი ლითონის ხიდი აიგო. ხიდის მშენებლობამ, ჩანს, კვლავ თავისი კვალი დაამჩნია წმიდა აბოს სამლოცველოს. გზა, რომელიც გადიოდა მეტეხის ციხის მხრიდან ავლაბრის ხიდისაკენ, ამოივსო ნაყარი მიწით და მოსწორდა[16].

1874 წელს მაიორ გორსკინის ქვრივმა, ნინომ, წმ. აბოს ნიშის კარებს რკინის გისოსი შემოავლო [17]. როგორც არქიმანდრიტი მაკარის 1877წლის 28 აპრილით დათარიღებული წერილიდან ირკვევა, ნიშის კედლები და ხსენებული გისოსიც უკვე შეკეთებას საჭიროებდნენ.[18]

XIXს-ის დასასრულს წმინდანისადმი ყურადღება განსაკუთრებით გაძლიერდა ყოვლად სამღვდელო ალავერდელი ეპისკოპოსის კირიონის ღვაწლით. შეადგინეს “გალობა სავედრებელი წმ. დიდისა მოწამისა აბოჲსი” (პარაკლისი), გამოიცა წიგნად მისი ცხოვრება და დაერთო ეს პარაკლისი.[19] 1900 წლის 12 იანვრის გაზეთი “ივერია” იუწყებოდა, რომ წმინდანის ხსენების დღეს “8 იანვარს ხარფუხის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში მწირველი ბრძანდებოდა ალავერდის ეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი კირიონი… წირვის დამთავრების შემდეგ სამღვდელოება ყოვლადუსამღვდელოესის კირიონის მეთაურობით ლიტანიით გამოემგზავრა ეკლესიისგან ვორონცოვის ქუჩით (დღევანდელი გორგასლის ქუჩა) წმ. აბოს სამარტვილისაკენ…” ამ დღეს წმ. აბოს სამარტვილესთან სამრევლო სკოლა იკურთხა ამ წმინდანის სახელზე. ყოვლადუსამღვდელოესი ალავერდელი ეპისკოპოსის შემდგომში კი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კირიონის და მისი თანამედროვეების სურვილი წმ. აბოს სამარტვილე-სადილეგოს ადგილზე ტაძრის აგება იყო, რაც განუხორციელებელი დარჩა.

1909 წ. ნიში ხელახლა შეკეთებული იქნა, ხატი განახლდა.[20] მოგვიანებით ნიში ვიღაცას ისე გადაუღებავს, რომ მთლიანად დაუკარგავს მისთვის ძველი კოლორიტი.[21]

1910, 1916, 1917 წლების პრესა აღნიშნავს, რომ ფერისცვალების მონასტერში წმ. აბო თბილელის ხსენების დღეს, სადღესასწაულო წირვის შემდეგ, ფერისცვალების მონასტრიდან სამღვდელოება მლოცველებთან ერთად მიემართება ნიშთან და იქ პარაკლის იხდის.

თბილისმა XXს-ში  მრავალი ცვლილება განიცადა: “ახლა რომ მოვიდეს ქვეყნად რომელიმე ჩვენი წინაპარი და ტფილისს გადმოხედოს, ვეღარ იცნობს და არც დაიჯერებს, თუ ეს ქალაქი ჩვენი დედაქალაქი ტფილისია. მხოლოდ, როცა სოლოლაკის ქედზე აიხედავს, ან მეტეხს გადაავლებს თვალს, მაშინ მიხვდება, რომ ეს მიდამოები, მართლაც, ძველი ტფილისის მიდამოებია. იცნობს… მეტეხის ძირას წმ. აბო თბილელის განსასვენებელს (ადგილს სადაც იგი ეწამა, აბოს წამების ადგილას დღეს ასვენია წმინდანის ხატი. მდებარეობს მეტეხის ხიდის მეორე ყურს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, სარაჯიშვილის შესახვევი№4), აგრეთვე სიონს, ფეთხაინს, მეტეხის ეკლესიას, ციხის საყდარს, სპარსელების და თათრების მიზგითებს, აბანოების მრგვალ თაღებს და თითქმის მეტს ვეღარაფერს” [22](1923წ.)

მეტეხის პლატოზე 1958 წელს საძირკველი ჩაეყარა ვახტანგ გორგასლის ძეგლს. 50-იან წლებში მდინარე მტკვარზე გაიდო ახალი, დიდი ზომის ხიდი, და ამასთან დაკავშირებით, კლდის ერთი ნაწილი ააფეთქეს. ამ აფეთქებამ იმსხვერპლა წმ. აბო თბილელლის ნიში.

წმაბო თბილელის ნიში XX საუკუნის მიწურულს 

abo1XX საუკუნის მიწურულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის  ლოცვა-კურთხევით გადაწყდა მეტეხის კლდის ძირში, ახალი ხიდის მიმდებარედ, წმ. აბოს სახელობის ეკლესიის აშენება. 1994 წლიდან ეკლესიის პროექტზე მუშაობას აწარმოებდა საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრი. პროექტის ავტორია რეზო ჯანაშია, კონსულტანტები – დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, ქეთევან აბაშიძე და ია გორგიშელი.

პროექტზე მუშაობისას და წმინდა ნიშის მხატვრული იერსახისა და მისი მდებარეობის დადგენის შესახებ ძველი მასალების მოძიებისას, კლდის კბოდეზე, წყლის პირას, კლდეს “შეჭიდებული” მცირე ზომის აგურის წყობამ მიიპყრო ყურადრება. ძველი თბილისის თანამედროვე მკვლევარების აზრით, წმ. აბო თბილელის ნიში მთლიანად განადგურდა ახალი ხიდის მშენებლობისას. 1951 წელს სამლოცველო მიმდებარე კლდის დიდ ნაწილთან ერთად ააფეთქეს. აქედან  გამომდინარე, არქეოლოგიური გათხრების ჩატარება აზრს მოკლებული იყო, ამიტომ ადგილი მომავალი ტაძრისათვის მიახლოებით განისაზღვრებოდა. ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მიკვლეულ იქნა მეტეხის პლატოზე მეფის რუსეთის  მიერ აშენებული ციხის ადრეული მაკეტი. ამ მაკეტზე საგანგებოდ არის აღნიშნული აბო თბილელის ნიში (პორტიკი). ამას თან დაერთო ერმაკოვის ფოტოზე “მეტეხის ხიდი” აბო თბილელის ნიშის მიკვლევა. მაკეტზე და თვით ადგილზეც გადაზომვების შედეგად, ასევე მოძიებული ფოტო-საარქივო ტოპოგრაფიული მასალების შეჯერებით დადგინდა, რომ ის აგურის წყობა, რომელიც მეტეხის კლდის ძირზე იყო შეზრდილი, ძველი XIX საუკუნეში აგებული სამლოცველოს ნაწილი შეიძლება ყოფილიყო. იგი იმდენად სისხლხორცეულ “შეუღლებული” იყო კლდესთან, რომ მათი ურთიერთგანშორება ვერანაირმა აფექებამ ვერ შესძლო. მოგვიანებით საისტორიო არქივში მიკვლეულ იქნა წმ. აბო თბილელის ნიშის გეგმა, რომლის აგებაც სურდათ ამ წმინდა ადგილზე.[23]

Фото0631994 წ.  გათხრითმა სამუშაოებმა მთლიანად წარმოაჩინა ნიში-პორტიკი, რომელსაც ზედა ნაწილი ჰქონდა მონგრეული. კერძოდ ორი სვეტის ნანგრევი ბაზისებითურთ და სვეტებს შორის ჩადგმული წითელი მართკუთხა ფორმის ტუფის ქვა… მოგვიანებით, სისხლისფერი ქვის ქვედა დონეზე აღმოჩნდა, იმავე ზომის სწორკუთხა ქვა და მის გვერდით მცირე ზომის ქვაბი.  გაწმენდითი სამუშაოებისას, წმ. აბოს ნიშის მიწაყრილით დაფარულ ტერიტორიაზე ამოზრდილი მომცრო ნაძვი მოჭრეს. თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერში ნაძვის მორი გადახერხეს და ერთ-ერთ გადანაჭერზე ჯვრის გამოსახულება აღმოჩნდა. ეს ჯვარი კრწანისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში ინახებოდა, ხოლო წმ. აბოს ტაძრის კურთხევის შემდეგ (2007 წ.) გადატანილ იქნა წმ. აბოს ტაძარში.

1995 წლის 21 იანვარს, წმინადნის ხსენების დღეს, სმარტვილესთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II პარაკლისი გადაიხადა. 1996 წლის 21 იანვარს, წირვის შემდეგ, სიონის ტაძრიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისის სამღვდელოებასთან ერთად წმ. აბო თბილელის ნიშისაკენ გაემართა. ამავე დროს კრწანისის  (ხარფუხის) წმ. ნიკოლოზის ეკლესიის სამღვდელოებამ და მრევლმა გაიარა 1900 წელს კირიონის მიერ განვლილი გზა აბოს ნიშამდე. მსვლელობას წინ უძღვოდა ლაშა კინწურაშვილის მიერ შექმნილი წმ. აბო თბილელის ხატი. ნიშთან კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანიის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა.

1996 წ.  17 მარტს, ჯვრის თაყვანისცემის დიდი დღესასწაულის დღეს, იკურთხა წმ. აბო თბილელის ტაძრის საძირკველი.  კურთხევა აღასრულა კრწანისის წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ. ჯვრის თაყვანისცემის დღეს ჯვარი კვლავ აღიმართა ამ წმინდა ადგილზე. ტაძარს აშენებდენ სამხატვრო აკადემიის კურსსამთავრებულნი, მოქანდაკეები ვახტანგ ბოჭორიშვილი, ზაზა ფანცულაია, დავით გომართელი და გია ხელაძე. მშენებლობას აფინანსებდა დვალიშვილების ოჯახი და მათთან ერთად მორწმუნე მრევლის წარმომადგენლები.

წმიდა აბოს სახელობის ტაძარი 2007 წლის 13 იანვარს აკურთხა გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა, მაღალყოვლადუსამღდელოესმა ექვთიმემ (ლეჟავა) კრწანისის წმიდა ნიკოლოზის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად.

დღეს წმ. აბო თბილელის  ტაძარი წარმოადგენს მცირე ზომის ორნავიანი ტიპის ბაზილიკას. ორივე ნავის გადახურვა ცალფერდაა. ტაძარი კლდეს უერთდება და ბუნებრივად იზრდება მასში. უწინ “პორტიკად” წოდებული ნიშის ნაშთის წინ კარიბჭე-სამლოცველოა, რომელიც ქალაქისაკენ თაღით არის გახსნილი და მასში წმ. აბო თბილელის მოზაიკური ხატია. მოზაიკური ხატი ეკუთვნის ამირან ბაკურაძეს. ნიშის წინ აღმოჩენილი სისხლისფერი ქვა თაღის წინ ფერადოვან აქცენტს ქმნის.

ეკლესიის ტერიტორიას სამი მხრიდან “ბუნებრივი” ზღუდეები აკრავს: ჩრდილოეთიდან ხიდის კედელი, სამხრეთიდან მეტეხის კლდე, დასავლეთიდან მდინარე მტკვარი. სამშენებლო მასალა შერჩეულია მდინარე მტკვრის ხეობიდან. იგი ფერითაც კარგად შეეხამება მეტეხის კლდეს. ტაძრის სახურავადაც ქვაა გამოყენებული. სამრეკლოც მარტივი ტიპისაა: ეს არის კლდეში ჩამაგრებულ ლითონის საკიდზე შებმული ზარი.

ღვთის მადლით  ქართველი ერის დიდი ხნის სურვილი განხორციელდა და დღეს ქალაქ თბილისს ამშვენებს  თბილისის მფარველი ანგელოზის  წმიდა აბო თბილელის  სახელობის  ტაძარი.


[1] .. [ეპისკოპოსიკირიონი], წმიდა მოწამე აბო ტფილელი,  ტფ., 1899, გვ.12.

[2]მარტირიკა ანტონისა …აბოსთვის, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წ.VI, თბ., 1980, გვ.246.

[3] საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.IV, გვ. 763-764.

[4] ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბ.,1941, გვ.53.

[5] ბერიძე, თბილისის ხიდები, ჟურ.: “დროშა”, 1951, ¹5, გვ.18.

[6] სცსსა, ფ.489, აღწ.1, საქ.№26395.

[7] სცსსა, ფ.489, აღწ.1, საქ.№3218; ფ.192, აღწ.3, საქ.¹5.

[8] Журн. Министерства путей сообщения за 1867 г., том.VI, стр. 48-53.

[9] პორტიკი (ლათ. porticus), საყრდენი სვეტებით და თაღებით შექმნილი, სამი მხრიდან გახსნილი ნაგებობა. ჩვეულებრივ კეთდება მთავარი შესასვლელის წინ.

[10] სცსსა,ფ.2, აღწ.1, საქ. №10381.

[11] სცსსა, ფ.2, აღწ.1, საქ.№11585,1844წ. ნოემბერი.

[12].. [ეპისკოპოსიკირიონი], წმიდა მოწამე აბო ტფილელი, ტფ., 1899, გვ.13.

[13] ხატის ჩამოსაბრძანებელი ხის ყუთი ან ჩარჩო მინით.

[14] გრიგოლ გაგარინის მიერ დაწერილი ხატი დღეს მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარშია.

[15] Освящение часовни Св. Або в Тифлисе, “Закавказский вестник”, 1850, №28, ст.1.

[16] სცსსა, ფ.192, აღწ.3, საქ.№4.

[17] სცსსა, ფ.500, აღწ.4, საქ.№16.

[18] სცსსა, ფ.500, აღწ.4, საქ.№2.

[19] წმიდა მოწამე აბო ტფილელი, გამოცემა საქართველოს საეგზარხოსოს საეკლესიო მუზეუმისა № 3, ტფ., 1899, გვ.40.

[20] სცსსა, ფ.48, საქ.№24161.

[21] Нбадриашвили, Тифлис, Тиф., 1934, ст.121-122.

[22]დონდუა, საქართველოს დედაქალაქი ტფილისი, ტფ., 1923, გვ. 65;

Пл. Иоселиани, Описание древностей города Тифлиса, Тифл., 1866, ст.257, ст.260.

[23] სცსსა, ფ.489. აღწ.1 საქ.№64767. № – План часовни предпологаемого воздвигнуть на месте мученической кончины Або в Тбилисеюю

ია გორგიშელი. 2007წ.
ყველა უფლება დაცულია 
download (2)

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s