სოფელ მერეთის სიძველეები და წარწერები

სოფელი მერეთი გორის მუნიციპალიტეტში, გორიდან ჩრდილოეთით, 30 კმ–ის დაშორებით  მდებარეობს. სოფელს დასავლეთით ჩამოუდის მდინარე პატარა ლიახვი, ხოლო სოფელში მიედინება მისი განშტოება –  ნიკრეულა.

მერეთში დაიბადა  ქართველი საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ქართულმა ეკლესიამ 2007 წელს წმინდანად შერაცხა,  მწერალი ანტონ ფურცელაძე,  ცნობილი აგრონომი ისაია ფურცელაძე.

მერეთი ეკონომიურად ძლიერ სოფლად ითვლებოდა.  მებაღეობა–მეხილეობის პიონერმა საქართველოში,  აგრონომმა ისაია ფურცელაძემ (1851-1924)   სოფელ მერეთის ერთ–ერთუბანში, ხაშილაურში  ხეხილის ბაღები გააშენა. იგი თანასოფლელებს ნერგებს უფასოდ ურიგებდა. ისაიას ვაშლის ბაღი მართლაც შესანიშნავი ყოფილა, რომელიც შემდეგ კოლმეურნეობის გამხდარა. ცნობილი აგრონომის საფლავი მის მიერ  გაშენებული ბაღების ტერიტორიაზე მდებარეობს, ამ  ადგილს დღესაც ხაშილაურს ეძახიან. მისი საფლავის მოსანახულებლად წელს პირველად  ვიყავი. საფლავი შემოღობილია ლითონის მესრით. გარშემო  საუკუნის ხნის ოთხი უზარმაზარი ცაცხვის ხე დგას. ბზის ბუჩქებში ჩაფლულ  საფლავის ქვაზე ხმელი ფოთლები და ტოტები ეყარა, რის გამოც წარწერა საერთოდ არ ჩანდა.

საფლავის ქვის  გაწმენდის შემდეგ  გამოჩნდა ბაზალტში ჩასმული ოდესღაც თეთრი მარმარილო, რომელზეც გარკვევით იკითხება: „აგრონომი ფურცელაძე

ისაია იოველის ძე 1851-1924“.

კარგად მახსოვს სოფელ მერეთის ხეხილით დახუნძლული ბაღები და ვაშლის ბაღებიდან მიღებული შემოსავლით გახარებული მერეთელები,  რომელთაგან ზოგმა ორ-სამსართულიანი სახლი ააგო და ავტომანქანა შეიძინა.

2008 წლის ომის შემდეგ, ოკუპირებულ საზღვარზე მდგარი ეს სოფელი, დღეს სასმელი და სარწყავი წყლის ნაკლებობას  უჩივის და საგულდააგულოდ ნაშენი და მოვლილი ხეხილის ბაღები უწყლობისგან ხმება. სოფელში სასმელი წყალი დღეგამოშვებით, მხოლოდ 1 საათით მიეწოდება სოფლის ერთ უბანს, მეორე დღეს – მეორე უბანს.  სარწყავი არხებიდან წყალი მხოლოდ სოფლის ნახევარს მიეწოდება – მეორე ნახევარი წვიმის იმედადაა დარჩენილი. მოსახლეობაც განახევრებულია, ასაკით  40 წელს გადაცილებული სჭარბობს. ბევრი სახლი ჩამონგრეული და უპატრონობისგან გაჩანაგებული  დამხვდა.

მოვინახულე წინაპართა საფლავები,  სოფლის განაპირას, მერეთის სასაფლაოზე. სასაფლაოს შესასვლელში დგას 1818 წელს აშენებული წმ. გიორგის სახელობის დარბაზული ტაძარი. იგი ნაგებია რიყის ქვით და აგურით. ეკლესიის სამხრეთ კედლის კარს ზემოთ წარწერა იყო, რომელიც გვამცნობდა ძეგლის აშენების თარიღს. კედლებში ჩაშენებული იყო საფლავის ქვის ნატეხები წარწერით. ამჟამად  ტაძარი გარედან გალესილი და შეღებილია და სიძველის ნაშთი არ ემჩნევა. შიგნით კი – საუკუნის წინ შებათქაშებულ კედლებზე ბზარებია, არც კანკელია, არც საკურთხეველი, მხოლოდ სანთლის დასანთებად ქვიშის „საშანდლე“ დაუდგამთ მერეთელებს.

საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში მოძიებული დოკუმენტით ირკვევა რომ მერეთის წმ. გიორგის ტაძარი 1848 წელს თავიდან აშენდა. მშენებლობას მეთვალყურეობას უწევდნენ და ზუნვას არ აკლებდნენ  „გორის უეზდსა შინა სოფელსა მერეთის სამონაზნო მართა და თეკლა ფურცელაძენი“. 1843 წელს  მათ თხოვნით მიმართეს საქართველოს ეგზარქოსს ევგენის, ხოლო 1846 წელს –  ეგზარქოსს ისიდორეს, მასზედ რომ მერეთის ტაძარი, დასავლეთის კედლის გარდა, საძირკვლიდან ხელახლა იყო ასაშენებელი და წარუდგინეს „სმეტა“. „1848 წლის 7 მარტს (ძ.ს.) ახლადაშენებული ქვის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია აკურთხა გორის სობოროს ბლღოჩიმა გრიგოლ პოპიტოვმა“.

ეკლესიის ეზოში მოთავსებულ საფლავის ქვებს შორის საყურადრებოა ქართველი მწერლის, პოეტის და მთარგმნელის ანტონ ფურცელაძის საფლავის ქვა. ანტონ ფურცელაძე მეზობელ სოფელ არბოში იყო ჩასიძებული, მართალია სიცოცხლის ბოლო წლები არბოში გაუტარებია,  მაგრამ მისივე ანდერძით  მერეთში  დაუკრძალავთ.  არბოში ანტონ ფურცელაძის სახლი დღესაც დგას, მაგრამ ის უკვე ნახევრად დანგრეულია.

მწერლის საფლავი შემოღობილია ლითონის მესრით. მესრის შიგნით, ბუჩქნარში   დგას ნაცრისფერი მარმარილოს ქვა-ბოძი, რომელზეც ეპიტაფიაა ამოტვიფრული:

“მე წილათა მხვდა ხვედრი მწარე(,) ძნელად საამო(,)

ჩვენს იარებსა და წყლულებში ხელების რევა(.)

მით წყლულს ვამტკივნებ მე სნეულთა და ამის გამო

შევიძინევი მოძმეთაგან ლანძღვა და წყევა(.)

(გაგრძელება ქვის კედელზე:)

ანტონ ნიკოლოზის ძე

ფურცელაძე

1839-1913”.

ანტონ ფურცელაძის საფლავთან ახლოს არის მისი ძმის, გენერალ-მაიორ მიხეილ ფურცელაძის საფლავი. მიხეილი რუსეთში მსახურობდა, სამშობლოდან შორს გარდაცვლილა, მაგრამ მერეთში ჩამოუსვენებიათ.

საფლავს გარს აკრავს ლამაზი რკინის გისოსი, მოდერნის  სტილში შესრულებული. საფლავზე სამი უზარმაზარი ხეა გაზრდილი, ხოლო იქვე აღმართულ შავ გრანიტზე, დასავლეთის მხრიდან ამოტვიფრული ჯვარის შემდეგ, წარწერაა:

“გენერალ-მაიორი

მიხეილ ნიკოლოზის ძე ფ/ფურცელაძე(.)

დაიბ.18 აპრილს 1834 წ.

გარდ. 10 აპრილს 1912 წ.”

(სურათი ამოვარდნილა).

იმავე ქვას აღმოსავლეთ მხარეზე წერია: “идеальному мужу и

отцу от жены и детей.”

მიხეილის შვილი გიორგი ფურცელაძე (1866–1924) ცნობილი სამხედრო მოღვაწე და ასევე, გენერალ–მაიორი იყო.

ნიკოლოზ ფურცელაძის შვილები იყვნენ ალექსანდრე, მიხეილი, კოტე (მეტსახელად – შავბალახა) და ანტონი. დიმიტრი ყიფიანის დედა ბარბარე ფურცელაძე იყო.

სოფელ მერეთის აზნაურნი  ფურცელაძეები ყოფილან.

კიდევ ერთი სიძველეა სოფე მერეთში – ჩასარბენი ციხე-კოშკი. იგი სოფლის ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის მოშორებით, მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირზე დგას. რიყის ქვით ნაგები კოშკი ცილინდრულია და თარიღდება XVII-XVIII სს-ს მიჯნით. მე რაც მახსოვს, ორსართულიანია, სარკმელებით, ბუხრით და ორმაგი სათოფურების ღრმა ნიშებით. ბავშვობაში ხშირად მივდიოდით ციხეზე, მეორე სართულიდან საოცარი ხედი იშლებოდა, მოჩანდა მეზობელი სოფლები არბო, კულბითი, დისევი, მთები, მინდვრები და ხეხილის ბაღები. სამწუხაროდ მერეთის ციხე ოკუპირებულ ზონასთან ძალიან ახლოსაა,  ზედ საზღვარზე, ამიტომ წელს ვერ მოვინახულე.

ია გორგიშელი

აგვისტო, 2012 წელი.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. მეგრელიძე, იოსებ. სიძველეები ლიახვის ხეობაში. წ. 2.,თბ., 1997

2.სცსა, ფ. 488, საქ. №9345

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s