ვინ რა მასწავლა!

ქალთა მე–7 გიმნაზიის მოწაფენი. დგანან მარცხნიდან: მარო ბაქრაძე, ნინო ციმაკურიძე, მარო კიკნაძე. 1915წ.

პირველად თბილისში სასწავლებლად ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში მესამე განყოფილებაში, ე.ი. ეხლანდელ მესამე კლასში მიმიყვანეს. ქართულ ენას, რუსულ ენას, ბუნებას და მათემატიკას თამარ ვასილის ასული კარბელაშვილი მასწავლიდა. საღვთო რჯულს – მისი მამა, მამაო ვასილი, გალობა–სიმღერას და ნოტებზე წერას ცნობილი კომპოზიტორი ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი. გარდა იმისა, რომ სიმღერა–გალობაორჯერ გვქონდა კვირაში, გვქონდა კიდევ შემდგარი გუნდი კვირაში ერთხელ, ეს უკვე სავაჯებო გიმნაზიის ბიჭებისა და ქალებისაგან. გარდა სხვადასხვა კომპოზიტორების და ხალხური სიმღერებისა, ჩვენ გვასწავლიდა თავის ოპერებიდან საგუნდო სიმღერებს, როგორიც იყო “მაშ აბიო მეფეს აქებდეს ერი”, “მრავალუი ჟამიერ’, “ცხრა–ცხრა ვყევართ დედაჩვენსა” აბესალომ და ეთერიდან. სწორედ ჩვენ გუნდში იმღერა პირველად ქეთო ჯაფარიძემ “დედინაცვალი, თვალში ნაცარიო”. ფიზიკურ ვარჯიშობებს გვასწავლიდა სპორტის დამსახურებული ოსტატი, გიორგი სიმონის ძე ეგნატაშვილი, რომელმაც შემდეგში “შევარდენი” ჩამოაყალიბა. ხატვას გვასწავლიდა ტასო ამირეჯიბი, შემდგომში გერონტი ქიქოძის მეუღლე…

მიხეილ მურვანიშვილი და ბარბალე გულისაშვილი შვილებთან. მარცხნიდან: ირაკლი, ქაიხოსრო, ქეთევანი. 1905(?) წ.

თბილისში ცნობილი მეტყევე მიხეილ ილიას ძე მურვანიშვილის ოჯახში ვიზრდებოდი, რომელსაც 5 შვილი: 2 ვაჟი და 3 ქალი ჰყავდა და ყველა იმავე გიმნაზიაში სწავლობდა. თვითონ ძია მიშა, ასე ვუწოდებდი მას, წაღვერის სატყეოს გამგე იყო. მისი მეუღლე დიდად განათლებული, ნაკითხი და კულტურული ქალი იყო. ამავე დროს ძალიან კარგი მცოდნე რუსული ენისა. მას გათავებული ჰქონდა ეპარქიალური სასწავლებელი. პირველი, რაც მან მასწავლა მე და მის ქალიშვილებს, იყო ლოგინის გაშლა და ალაგება. ყველას ჩვენ–ჩვენი საწოლი გვქონდა. ქალებს ერთ ოთახში და ვაჟებს მეორე ოთახში.
მათ საკუთრი სახლი ჰქონდათ ვაკეში, ჩვენი ქართული გიმნაზიის ახლოს. ყოველ დილით, სკოლაში წასვლამდე, ლოგინის ზეწარი უნდა გაგვეფერთხა და ისე გაგვესწორებინა ლოგინი, როდესაც გაგვაკონტროლებდა და ნახავდა, რომ ცალი მხარე ზეწრისა და გადაფარებული პაკრივალისა ერთ სიგრძეზე არ იყო და რომელიმე მხარე ან აწეული ან დაწეული იყო, ხელახლა გაგვაკეთებინებდა. ასე მიგვაჩვია სუფთად,  კოხტად და ლაზათიანად ლოგინის დალაგება. სხვა საოჯახო საქმე ჩვენ არ გვევალებოდა, გარდა მორიგეობით სუფრის გაშლისა. მათ შინა მოსამსახურე ქალიც ჰყავდათ და მზარეული კაციც.

გაკვეთილების მომზადებაში არ გვეხმარებოდა. უნდა დამოუკიდებლად გვესწავლა ყველა გაკვეთილი. თუ რამე გაუგებარი იყო, მაშინ შევეკითხებოდით და რა თქმა უნდა გაგვისწორებდა, აგვიხსნიდა. გაკვეთილების შემდეგ ერთი–ორი საათი თავისუფალნი ვიყავით. ვთმაშობდით, ვმღეროდით და ისე ვატარებდით დროს როგორც გვინდოდა.

დასვენების შემდეგ ჩვენ დიდი ხალისით და სიხარულით შევგროვდებოდით ხოლმე სასადილო ოთახში, შემოვუსხდებოდით ხოლმე დიდ მაგიდას და ყველა მოუთმენლად ველოდით Варвара Димийтревна ან დეიდა ბაბოს, რომელიც ჩვენთვის ძალიან საიტერესო წიგნებს გვიკითხავდა. მე არასოდეს დამავიწყდება “ბიძია თომას ქოხი”, “ლედი ჯენი”, “დავით კოპერფილდი”, “ბემბი”, რომელსაც ვაჟა–ფშაველას “შვლის ნუკრის ნაამბობს” ვადრიდით. “რობიზონ კრუზო”, “კაპიტან გრანტის შვილები”, “კაპიტანი ნემო”, “საიდუმლო კუნძული” და სხვა სათავგადასავლო წიგნები. ამას გვიკითხავდა რუსულ ენაზე. მან შეგვასწავლა წიგნის სიყვარული, წიგნის სათუთი მოპყრობა. გვასწავლა, რომ რაგინდ უყდო წიგნი იყოს, მოკეცილი არ უნდა ვიკითხოთ, გაჩერებისას არ უნდა დავნიშნოთ ის ადგილი ფურცლის გადატეხით, ფანქრის გახაზვით ან ფრჩხილის გასერვით. აგრეთვე არ შეიძლება პირში გასველებული თითით გადაფურცვლა. შემეგში, როცა უფროს კლასებში ვისწავლეთ პუშკინის “ევგენი ონეგინი”, იქ წავიკითხეთ, რასაც დეიდა ბაბო ისე სათუთად გვასწავლიდა – წიგნის მოპყრობას. “Носили многие страницы отметку резкую ногтей”.
გიმნაზიის მე–5 კლასიდან მე ვიზრდებოდი დედაჩემის ნათესავ, ცნობილ ბუკინისტ, ბიძია სოსიკო მერკვილაძესთნ, სადაც დავამთავრე გიმნაზია და უნივერსიტეტი. ამ ოჯახში გავიცანი მეტად კარგი ხალხი, როგორც მწერლები ევდოშვილი, გრიშაშვილი, განდეგილი, შიო მღვიმელი, დარია ახვლედიანი, ისე საზოგადო მოღვაწეები: ივანე  გომართელი, ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე, ვუკოლი ბერიძე, კირიონ II და ექიმი დავით ფაღვა; მსახიობები: ლიზა ჩერქეზიშვილი, ვიქტორ მატარაძე, ვასო და  ტასო აბაშიძეები,  მარიამ საფაროვა–აბაშიძისა, ნინო დავითაშვილი, რომლებიც ძალიან ხშირად იკრიბებოდნენ მის ოჯახში.

ანაობას (3 თებერვალს) – ბიცოლა ნუშოს დღეობა და აღდგომის დღე ეს ხომ დიდი წვეულება იყო ხოლმე.

აქ გაბატონებული იყო ქართული ენა. ყოვლად შეუძლებელი იყო რუსულად გველაპარაკა. არა, რუსულის ლაპარაკს კი არავინ გვიშლიდა, მაგრამ დამახინჯებული ლაპარაკი არავის უყვარდა, ვერ იტანდნენ რომ ქართულ ლაპარაკში ან წინადადებაში რუსულ სიტყვას გამოურევდით…

…..1976 წ.
მარიამ კიკნაძე– აბაშიძისა (1904–1978წწ.)

დატოვე კომენტარი