Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘თაბორი’

კრწანისის წმ. ნიკლოზის ეკლესია ძველი თბილისის ისტორიულ ადგილზე მდებარეობს. ვახუშტი ბაგრატიონი ძველ თბილისს სამ ძირითად ნაწილად წარმოგვიდგენს „ტფილისი არს სამი ქალაქი – ტფილისი, კალა და ისანი“. იგი  ტფილისს სეიდაბადადაც იხსენიებს. მე–17 საუკუნეში შაჰ–აბასის მემკვიდრეს შაჰ–სეფის ამ ადგილზე სეიდები დაუსახლებია, რის გამოც „..საპრსნი უწოდებენ სეიდაბადს“.  როგორც ისტორიკოსი ბ–ნი თეიმურაზ ბერიძე  მოგვითხრობს „სეიდაბადის გვიანი სახელი ხარფუხია. იგი თაბორის მთის აღმოსავლეთ კალთას ეწოდება. ადგილმა აღნიშნული სახელი მიიღო თაბორის ძირში მდგარი საკულტო დანიშნულების მქონე ქვის გამო, რომელზეც ხატი იყო მისვენებული. ხარფუხი სომხურ ენაზე ნიშნავს სურდოს და სწორედ სურდოშეყრილი ბავშვები თბილისელ მცხოვრებლებს მიჰყავდათ აღნიშნულ ქვასთან. თეიმურაზ ბერიძის ვარაუდით მე–18 საუკუნის დასასრულს და მე–19 საუკუნის დასაწყისში ხარფუხი სოფელი ყოფილა და 1819 წელს საქართველოს მთავარმართებლის გენერალ ერმოლოვის გადაწყვეტილებით ხარფუხი ქალაქს შეუერთეს.

მე–19 საუკუნეში აქ საბაჟო ყოფილა განლაგებული. საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ არქივის  საქართველოს საეგზარხოსოს კანცელარიის ფონდში დაცული  საქმით ირკვევა, რომ საბაჟოს მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ეკლესიას ეკუთვნოდა, 1833 წელს თურქეთიდან ჩამოსახლებულ ბერძნებს შეუსყიდიათ. თბილისის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ბერძნული ტაძრის ეკლესიის დეკანოზს,  ვასილი ანდრიანოვს ამ ტერიტორიაზე მღვდელთა მოსასვენებელი სახლი აუშენებია, ხოლო 1846–1854 წლებში მოსახლეობის დახმარებით იქვე, შემაღლებულ ადგილზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია აუგია. ეკლესიაში ღვთისმსახურება თავდაპირველად ბერძნულ ენაზე მიმდინარეობდა. ეკლესიის აღმოსავლეთის კედელზე რუსულ და ქართულ ენებზე გაკეთებული წარწერა დღემდეა შემორჩენილი, დასავლეთის კედელზე არის რუსული და ბერძნული წარწერები, რომელშიც ტაძრის დასრულების თარიღად 1853 წელია აღნიშნული.

საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში, თბილისის გუბერნიის სამშენებლო კომისიის ფონდში დაცული 1861 წლის მოხსენებით ირკვევა, რომ თბილისის არქიტექტორს, აკადემიკოს ივანოვს დავალებული ჰქონია წმინდა ნიკოლოზის ეკლესიისათვის დამატებითი პროექტის შედგენა.

1895 წლის 24 სექტემბერს, კრწანისის ბრძოლის 100 წლის თავზე, წმინდანად შერაცხულმა კათოლიკოს პატრიარქმა კირიონმა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში საგანგებო წირვა აღავლინა, ხოლო შემდეგ თბილისის ფართო საზოგადოებასთან ერთად კრწანისის ბრძოლის ველზე  დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. იოსებ გრიშაშვილის ფოტო კილექციაში ინახება ამ ფაქტის ამსახველი ფოტო.

1900 წლის 12 იანვრის გაზეთი “ივერია” იუწყებოდა, რომ წმ. აბოს ხსენების  ხსენების დღეს “8 იანვარს ხარფუხის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში მწირველი ბრძანდებოდა ალავერდის ეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი კირიონი… წირვის დამთავრების შემდეგ სამღვდელოება  კირიონის მეთაურობით ლიტანიით გამოემგზავრა ეკლესიიდან ვორონცოვის ქუჩით (დღევანდელი გორგასლის ქუჩა) წმ. აბოს სამარტვილისაკენ…”ამ დღეს წმ. აბოს სამარტვილესთან სამრევლო სკოლა იკურთხა.

1906 წელს თბილისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის  დიაკონის, მიხეილ მშველიძის მიერ შედგენილი ეკლესიის აღწერილობით ვიგებთ, რომ ნიკოლოზის ეკლესიასთან არსებობდა ერთკლასიანი საეკლესიო სკოლა.

მე–20 საუკუნის 70–იან წლებში ეკლესია გაუქმებული ყოფილა და მასში საქართველოს თეატრალური საზოგადოების საწარმოო კომბინატის მექანიკური საამქრო ფუნქციონირებდა. 80–იან წლებში ეკლესიის შენობაში საპატრიარქოს ბიბლიოთეკა არსებულა. 1990 წელს სრულიად საქართველოს  კათოლოკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილის მეორის  ძალისხმევით წმინდა ნიკოლოზის ეკლესიში მღვდელმსახურება განახლდა.

ია გორგიშელი. 2009 წელი.

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 62 other followers